სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების, მოხალისეების და მათი ოჯახების დასახმარებლად. ეს წინადადება გაგლოევმა 23 იანვარს ცხინვალში გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
„სამხრეთ ოსეთიდან მებრძოლები პირველივე დღეებიდან აქტიურად მონაწილეობდნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. ჩვენი თანამემამულეები სისტემატურად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და აგზავნიან ჩვენი მებრძოლებისთვის ფრონტის ხაზზე, მაგრამ მიწოდების დროს მათ გარკვეული პრობლემები ექმნებათ, რადგან სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. ამავდროულად, დაგროვდა პრობლემების გარკვეული სპექტრი, რომლებიც სისტემატურად უნდა მოგვარდეს“, - ციტირებს გაგლოევს მისი პრესსამსახური.
დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის არის დანაკარგები და მათ ოჯახებს დახმარება სჭირდებათ.
„აუცილებელია მონაცემთა ბაზის შექმნა, სტატისტიკის შენახვა და სიტუაციის მონიტორინგი, რათა მხარდაჭერა სისტემატურად და მიზანმიმართულად განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივიჩნევ შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაცია მებრძოლების და მათი ოჯახების დასახმარებლად. ორგანიზაცია უნდა დაკავდეს ისეთი საკითხებით, როგორიცაა იქ დაღუპულთა და მებრძოლების ოჯახების დახმარება. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების და გაგზავნის საკითხებით", - განაცხადა გაგლოევმა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაავალა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მსგავსი ორგანიზაცია ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც შექმნა. ეს გასული წლის გაზაფხულზე, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოხდა. მაშინ ბიბილოვმა დონბასის მიმართულების ხელმძღვანელად და იქ მებრძოლი მოხალისეების დასახმარებლად ახალი თანამდებობაც გამოიგონა და ამ პოსტზე ასევე ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დანიშნა. კოკოითი იმ ახალგაზრდების შეკრებით იყო დაკავებული, ვინც მოხალისედ ომში წავიდოდა. გარდა ამისა, კოკოითი უკრაინის ომიდან ცხინვალში გამოქცეული მებრძოლების პრობლემებსაც აგვარებდა, რათა მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებოდათ. ჰუმანიტარულ დახმარების შეგროვებას კი იმ პერიოდში ბიბილოვის ცოლი ხელმძღვანელობდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, 1000-მდე მოხალისე იბრძვის. აქედან 20-ზე მეტი დაღუპული მებრძოლი ცხინვალში უკვე გადაასვენეს. გარდა ამისა, სამხედროები გაწვეული არიან რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზიდანაც. მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომშია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს" სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი, რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.