Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს პირი, რომელიც 10 ადამიანს ფულის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დაჰპირდა - პროკურატურა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ათ ადამიანს ატყუებდა, რომ ფულის სანაცვლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაეხმარებოდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. გამოძიება მას თაღლითობას ედავება, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო", - აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ბრალდებულმა დაზარალებულები მოატყუა, რომ "სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო".

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) ჩადენილი დანაშაული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG