Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას


ანდრი კასიანოვი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში
ანდრი კასიანოვი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუკი მათ დაემუქრებათ საფრთხე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში.

„პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რისკების რეალური გაზრდის შემთხვევაში, მე მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განიხილონ დახმარების გაწევის შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დასახმარებლად, - განაცხადა მან და განაგრძო, - თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. ჩვენ ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი დაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო უკრაინის მოქალაქეებისთვის საფრთხის ხელშესახები ზრდის ფონზე, რაც კავშირშია რუსების ანომალიურად გაზრდილ ნაკადთან, საელჩო ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ორგანიზება გავუკეთოთ სპეციალურ საევაკუაციო მარშრუტებს მათთვის, ვინც წარმოადგენს მეტ-ნაკლებად მოწყვლად ფენას, რომელსაც მართლაც არ აქვს დაბრუნების საშუალება. ამავე დროს, ჩვენ მხედველობაში გვაქვს სახმელეთო ტრანსპორტი, როგორც ყველაზე ოპტიმალური საშუალება“, - დაამატა მან.

დიპლომატის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვა, აღადგინოს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც ავიამიმოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დახურა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობამ დატოვა ეს ქვეყანა. გამოიყენება ძირითადი არგუმენტი - ეს იმ მოქალაქეებზე ზრუნვაა, რომლებიც დღეისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმ მნიშვნელოვანი საკითხების მითითების გარეშე, რომლებიც, სხვათა შორის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს: ეს არის დეოკუპაცია საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მთავარი კურსი ევროკავშირისა და NATO-სკენ“, - თქვა მან.

კასიანოვმა აგრეთვე ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ NATO-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად ევროპული გზის დეკლარირებას განაგრძობენ. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ახლა ოფიციალურად ადასტურებენ პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების შესახებ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გარდა ამისა, ევროატლანტიკურ ძალისხმევას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს დღევანდელი ხელისუფლება.

„თუმცა ფაქტობრივად რასთან გვაქვს საქმე? რეალურად ქვეყანა, რომელიც მისი პოლიტიკოსების განცხადებებით, აგრძელებს თავის თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირისა და NATO-სკენ, მოძრაობს სხვა მიმართულებით. ჩვენთვის ცხადია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის სანქციათა მესამე პაკეტის დარღვევაში“, - განაცხადა კასიანოვმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინელი დიპლომატის განცხადება არის სპეკულაციური.

„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ: ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.

ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტით განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG