Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების დარღვევის რისკის გამო 1000-ზე მეტი ოპერაცია შეჩერებული ან გაუქმებულია - ფინანსთა მინისტრი


ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

როცა ბრალდება ჩნდება, სიტყვების გარდა, რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები არ ისმის, რისი შეფასების შესაძლებლობაც გვექნებოდა და, ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები ვერც იქნება, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, ასევე რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის სხვადასხვა საბაჟო ოპერაციები - იმპორტის შემთხვევაში ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტის შემთხვევაშიც ოპერაციის შეცვლა და ექსპორტის განხორციელება - ნებისმიერი სახის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არის სანქცირებულთა სიაში. როგორც საქონელი - ასევე სანქცირებული პირები“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, არსებობს კიდეც სტატისტიკა, რომლის მიხედვით, სანქციების დარღვევის რისკის არსებობის გამო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რედ) დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი საბაჟოს მიერ შეჩერებული და გაუქმებულია.

ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სანებართვოა და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს, ორივე შემთხვევაში. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. თუმცა ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ამას გარდა, დაახლოებით 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მიმართეს შემოსავლების სამსახურს და [სადაც] განუმარტეს, რომ ასეთი სახის ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება და პროაქტიულადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამავე საკითხის კომენტირებისას კითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებს ეკუთვნოდა ტვირთი ან რა სახის ოპერაციები შეჩერდა, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა:

"ეს არის სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, ეს მოიცავს საბაჟოს ფაქტობრივად ყველა ტიპის მიმართულებას - როგორც ექსპორტს, ასევე რეექსპორტს, ასევე სრულად ტრანზიტს, ასევე ძალიან ფართოა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე პირიქით, რუსეთიდან წამოსული საქონელი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში ამის კონტროლიც ხორციელდება. არის შემთხვევები, როდესაც არ არის უშუალოდ ევროკავშირის ქვეყანა გამომგზავნი ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის ევროკავშირის წარმოშობის, აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოშობიდან გამომდინარე, ამ საქონელზე ცალკე კონტროლი ხორციელდება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი საბაჟო სამსახურში, რომელიც ჩართულია ასეთი ტიპის საქონლის კონტროლთან მიმართებაში. ცალკე პროფილია უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც შესული არიან სანქციების სიაში. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. ბანკებს თავისი შიდა პროცედურებიდან გამომდინარეც აქვთ დამატებით კონტროლი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სანქცირებული საქონლის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და არ არის მარტივი მისი აღსრულება, გარკვეულ საქონელთან მიმართებით საკითხი პირობებსა და ვადებზეა მიბმული. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სანქციების აღსრულების სფეროში ორი სერტიფიცირებული ექსპერტი ჰყავს, რომლებსაც აშშ-ში სპეციალური პროგრამა აქვთ გავლილი. "საბაჟო სამსახურში საქართველოს ორი ასეთი ექსპერტი ჰყავს, მათზე კვალიფიციურ პასუხს ვერავინ ვერ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციებთან მიმართებაში“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრისვე განცხადებით, სანქციების აღსრულებაზე საქართველოში "იმ დონის კონტროლი ხორციელდება, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით".

საკითხი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ თემაზე 13 იანვარს გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია.

მოგვიანებით, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, კითხვით მიმართა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანაზე კითხვა ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაუსვა. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს აჩვენებს, "რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული".

უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტით განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG