Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული ტანკების უკრაინაში ექსპორტზე პოლონეთის თხოვნა ეხება ძველ მოდელებს


გერმანიამ პირველი ტანკები მიაწოდა სლოვაკეთს, რომელიც სხვა იარაღით ეხმარება უკრაინას. ბრატისლავა. დეკემბერი, 2022 წელი
გერმანიამ პირველი ტანკები მიაწოდა სლოვაკეთს, რომელიც სხვა იარაღით ეხმარება უკრაინას. ბრატისლავა. დეკემბერი, 2022 წელი

პოლონეთის თხოვნა გერმანიის მთავრობისადმი, დათანხმდეს უკრაინისთვის "Leopard"-ის ტიპის ტანკების მიწოდებას, ეხება "Leopard-2A4-ის" 14 მოდელს, იტყობინება გერმანიის რადიოსადგური - Deutschlandfunk-ი.

ლაპარაკია საბრძოლო ტანკების მოძველებულ ვერსიაზე, რომელიც 1985-დან 1992 წლამდე გამოდიოდა. „2A4-ები“ გერმანიამ დიდი რაოდენობით აწარმოვა და განიარაღების პერიოდში, „ცივი ომის“ შემდეგ მოკავშირეებს დაურიგა.

გერმანიის არმიას, „ბუნდესვერს“, ამ ტიპის ტანკები შეიარაღებაში არ ჰყავს. უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა გერმანიის პარლამენტის ოპოზიციურმა CDU/CSU-ის კოალიციამ.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა უარყო მთავრობის მიმართ კრიტიკა, რომ შეყოვნდა ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება. ქრისტიან ლინდნერის თქმით, გადაწყვეტილების მიღება არ ყოვნდება, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურა.

ბუნდესტაგში მწვანეთა პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიტა ჰასელმანმა თქვა, რომ მოელის მთავრობის სწრაფ თანხმობას. პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარე ტინო ხრუპალა წინააღმდეგია უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების მიწოდებისა, რადგან, მისი თქმით, არ შეიძლება გერმანია კიდევ უფრო ჩათრეულ იქნეს უკრაინის ომში. მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს, მის შეიარაღებაში არსებული "Leopard 2" ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანალენა ბერბოკის თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს, თუკი ბერლინი ასეთ მოთხოვნას მიიღებს ვარშავისგან. პოლონეთი აცხადებდა, რომ გერმანიას მიმართავს თხოვნით, მაგრამ ამის გარეშეც აპირებს უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების მიწოდებას.

ბერლინი დღემდე უარს ამბობდა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, გერმანული ტანკების ექსპორტის უფლების მიცემაზე. გერმანიაში გაისმოდა შიში, რომ ასეთი მძლავრი იარაღის გაგზავნამ შეიძლება რუსეთის პროვოცირება და ომის კიდევ უფრო ესკალაცია გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG