Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩთან შეხვედრა გაიმართა


კიევი. შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იევჰენ პერებიინისსა და უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს, შორის
კიევი. შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იევჰენ პერებიინისსა და უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს, შორის

დღეს, 25 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იევჰენ პერებიინისი შეხვდა საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოხატა მადლიერება ქართული მხარის მიმართ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების გაგზავნისთვის, აგრეთვე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფისთვის, რაც 2023 წელსაც გაგრძელდება. პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ელჩს უკრაინის იმ მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან; ამასთან, თბილისი შეუერთდება ყველა სანქციას, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში მან შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შესაძლო განახლებაზე ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა ის დაარწმუნა, რომ საქართველოს არ აქვს განზრახული რუსეთის ფედერაციაში ავიარეისების განახლება.

იევჰენ პერებიინისმა აგრეთვე წამოჭრა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი. ის გამოვიდა მოწოდებით, რომ განიხილონ უკრაინისთვის ან რომელიმე მესამე ქვეყნისთვის სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიციირებული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა, აგრეთვე დადებითად აღინიშნა უკრაინა-საქართველოს პარლამენტთაშორისი დიალოგის აქტივიზაცია.

დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. საქართველოს მხარე დაინტერესდა უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციის საკითხით.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრი კასიანოვმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუკი მათ დაემუქრებათ საფრთხე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებას.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG