Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის არცერთ კონტაქტს კლინიკაში კოვიდი არ დაუდასტურდა, დაგვრჩნენ მხოლოდ ადვოკატები - "ვივამედის" დირექტორი


კლინიკა "ვივამედი"
კლინიკა "ვივამედი"

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ჟურნალისტებთან კომენტარში მანვე აღნიშნა, რომ ელოდებიან ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს.

"ჩვენმა ეპიდოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა, ყველა იმ პირს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, კოვიდი არ დაუდასტურდა. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან", - ამბობს ჩხაიძე.

პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს - მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური.

"ტემპერატურა არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციოა, ეს მისი ხედვაა. პაციენტს კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. იგი მკურნალობას აგრძელებს პალატაში".

ზურაბ ჩხაიძემ ასევე არ დაადასტურა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

"არცერთ შემთხვევაში ექიმს არ დაუფიქსირებია გონების კარგვის ეპიზოდი. ექთანი მასთან არის 24 საათის განმავლობაში".

PCR ტესტის ჩაბარებაზე ადვოკატი ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თავად გადაწყვეტს ამ საკითხს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ინფიცირებას, ამის გადამოწმება ადვოკატებს სხვა ლაბორატორიაში სურთ:

"რასაც გადავწყვეტ ჩემი საქმეა, ზურაბ ჩხაიძე არაა ჩემი უფროსი, მიხედოს თავის საქმეს... ვგეგმავთ [მიხეილ სააკაშვილის] განმეორებით ტესტს, ოღონდ "ვივამედში" არა, მათი არცერთი დოკუმენტი სარწმუნო არაა. ვნახოთ თუ მოგვცემენ საშუალებას".

მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა 24 იანვარს გაავრცელა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

XS
SM
MD
LG