Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში დეზინფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები


ავტორი: ლაშა ხიზანიშვილი

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპის კავშირის პროექტია, რომლის ინაუგურაცია 2009 წელს შედგა პრაღაში და წევრებად მოიცვა 6 სახელმწიფო: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთგვარი დამხმარე ფორმატი წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრები. იქამდე კი პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ გასავლელი აქვთ ცვლილებების რთული გზა, რომელიც შესაძლოა გარკვეულწილად “მტკივნეულიც” იყოს, ისე როგორც “სწავლის ძირი არის მწარე”.
უახლეს ისტორიაში საქართველოსა და უკრაინას, პირდაპირი გაგებით მოუხდათ ამ “ტკივილთან” შეჯახება. პირველად 2008 წელს საქართველომ, შემდეგ კი უკრაინამ, “დასავლეთთან” დაახლოების გამო რუსეთისგან მიიღეს სამხედრო აგრესია. სწორედ 2008 წლის ომმა დააჩქარა ან შეიძლება განაპირობა კიდეც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის დაწყება.
ამ ომში დეზინფორმაციაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული იარაღია. არსებობს მისი ძირითადი მიმართულებები, რომლებიც შეიძლება საერთო იყოს ამ ქვეყნებისთვის, რადგან მას როგორც წესი ერთი პირველწყარო ჰყავს - რუსეთის სახელმწიფო. “დეზინფორმაციის სახე” თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში განსხვავდება გეოპოლიტიკური სიტუაციის, პოლიტიკური მოვლენების, სენსიტიურ საკითხებზე საზოგადოებაში დისკუსიების მიხედვით. აქვე შეგვიძლია სხვადასხვა კვლევების დახმარებით განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყანებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები აღნიშნული მიმართულებით.

აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში, სადაც ხელისუფლება მჭიდრო კონტროლს ახორციელებს მედიაზე, ასეთი დეზინფორმაციის გამოვლენა და მასთან ღიად დაპირისპირება განსაკუთრებით რთული გამოწვევაა. დეზინფორმაციული ნარატივები “დასავლეთს” სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დასავლეთს ასევე ადანაშაულებენ სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობაში. ასევე გავრცელებული იყო დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ.
მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე რეპრესიებს საზიანო შედეგები მოჰყვა მედიის თავისუფლებისთვის. რადიო თავისუფლების ოფისი დაიხურა 2014 წელს. 2017 წელს სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ვებგვერდები დაბლოკეს სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილების გარეშე. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს დისკრედიტაციას უწევენ და ხშირად აპატიმრებენ კიდეც. ფოლად ასლანოვს (საინფორმაციო ვებგვერდების Xeberman-ისა და Press-az-ის რედაქტორი) 2020 წელს ღალატის ბრალდებით 16 წელი მიუსაჯეს. არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით 2020 წელს ოთხი ჟურნალისტი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. ასევე ავღან მუტარლი, რომელსაც ექვს წლამდე პატიმრობა მიესაჯა.


უკრაინა
უკრაინა პრორუსული დეზინფორმაციული თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ დეზინფორმაციულ თავდასხმებს სამი ძირითადი მიმართულება აქვს. ეს მიმართულებები აღწერილია კვლევაში სახელწოდებით „რუსული ნარატივების ევოლუცია უკრაინის შესახებ და მათი ექსპორტი უკრაინულ მედია სივრცეში“: 1) დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია შიდა რუსი აუდიტორიისთვის, რათა შეიქმნას უკრაინის, როგორც მტრის იმიჯი და მიიღოს სოციალური მანდატი რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად.
2) დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია უკრაინული აუდიტორიისკენ, რათა აიძულოს იგი დათანხმდეს “მშვიდობას”კრემლის პირობებით.
3) დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რათა მოხდეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაცია, კრემლის გავლენის კონსოლიდაცია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც იგი თავის გავლენის ზონად მიიჩნევს.
გავრცელებულია ნარატივი უკრაინაზე, როგორც წარუმატებელ სახელმწიფოზე, რომელსაც არ გააჩნია რეალური ინსტიტუტები, არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. როგორც ჩანს რუსული დეზინფორმაცია მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საერთაშორისო აუდიტორიის მიმართაც. მაგალითად, EuvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა შეიცავს 140-ზე მეტ მაგალითს პრორუსული მედიისა, რომლებიც არაბულ ენაზე ამტკიცებენ, რომ ყირიმმა „აირჩია“ თავისი ბედის რუსეთთან დაკავშირება.

საქართველო
საქართველო დიდი ხანია არის პრორუსული დეზინფორმაციის სამიზნე. დეზინფორმაცია, რომელიც ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, არასანდო დასავლეთისა და აგრესიული “ნატოს” მიმართ შიშების პროვოცირებას, ისინი რუსეთს მორალურად და იდეოლოგიურად აღმატებულ ერად წარმოაჩენენ. ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალება: „Sputnik საქართველო“, მის ოპერაციებს მხარს უჭერს „Sputnik აფხაზეთი“ და „Sputnik Ossetia“. მათი ნარატივები ფოკუსირებულია დასავლეთის სავარაუდო საფრთხეებზე საქართველოს ტრადიციული ღირებულებების, ქართული სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების მიმართ.

AlT-Info TV

საილუსტრაციო შემთხვევა იმისა, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი მარიონეტები პრორუსული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას, არის Alt-Info TV. გამოცემა ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული და მტკიცე “ანტიდასავლური” პოზიციით, ასევე ძალადობის წახალისებით. ტელეკომპანია Alt-Info-მ მიაღწია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასაც კი. Alt-Info-ს წამყვანები მონაწილეობდნენ 2021 წლის ივლისში Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომლის დროსაც რამდენიმე ჟურნალისტი საკმაოდ მძიმედ დაშავდა. თავდასხმა მოწონებული და წახალისებული იყო ულტრა ნაციონალისტი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის მიერ. იგი ხშირად ჩანდა როგორც ინტერვიუერი Alt-Info-ზე. ტელეკომპანია ეთერში 2021 წლის თებერვალში გავიდა და ეროვნული მაუწყებლობის უფლება 2021 წლის სექტემბერში მიიღო, ამიტომ მისი აუდიტორიის რაოდენობის შესახებ მონაცემები მწირია. თუმცა, გამოცემა წარმოდგენილია სოციალურ მედიაში. მას 26000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს YouTube-ზე და 2017 წლიდან დაგროვდა თითქმის 11 მილიონი ნახვა.

დეზინფორმაცია: დემოკრატიის მუდმივი გამოწვევა
ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია დემოკრატიის მუდმივ გამოწვევად რჩება. დღეს ცრუ ნარატივების გავრცელების უფრო მეტი პლატფორმა და შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე ოდესმე. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, მოქალაქეების ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფის ამოცანა. მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. დღევანდელ სამყაროში “მედიაწიგნიერი” საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა იყოს ახალი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. თუ შენს ქვეყანაში იცხოვრებს მეტი ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლება ინფორმაციის ნაკადების ანალიზი, ექნება სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევის უნარი ეს იქნება მომავალში ძლიერი და მდიდარი საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერება, როგორც საგანი და ცოდნა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის, კარგი იქნება სკოლებშიც რომ ისწავლებოდეს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG