Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა


ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ევროკავშირმა მოამზადა სანქციების ახალი, ფართომასშტაბიანი პაკეტი ბელარუსისთვის, რომლის რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციები დიდწილად ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მათ შორის ეხება ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სექტორს.

სანქციების თანახმად, ევროკავშირი კრძალავს ბელარუსში სამხედრო მიზნებით გამოსაყენებელი, ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტს. აკრძალვა ეხება ნავთობს, ქვანახშირს, ფოლადის პროდუქციას, ოქროს, ფუფუნების საგნებს და ინვესტიციებსაც. გამონაკლისია მხოლოდ მედიკამენტები, სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის პლაცდარმად. საბრძოლო მოქმედებებისას რუსმა სამხედროებმა ბელარუსიდან უკრაინაზე არაერთი შეტევა განახორციელეს.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროკავშირმა ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. პერსონალური სანქციების გარდა, „ბელარუსის ავიახაზებს“ აუკრძალეს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბელარუსს ევროკავშირის სანქციები შედარებით მსუბუქად შეეხო.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა სანქციების ცხრა პაკეტი და ამჟამად მეათეს ამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG