Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-პოლონურმა საწარმომ საქართველოში დრონების სატესტო ფრენა მოაწყო


საქართველოში წარმოებული დრონი
საქართველოში წარმოებული დრონი

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ-პოლონურმა საწარმომ დრონების საცდელი ფრენა მოაწყო. კრწანისის სასროლეთზე საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

"ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ვიწყებთ საქართველოში... ჩვენ სატესტო ფრენები განვახორციელეთ და აპრილში დავიწყებთ წარმოებას აღნიშნულ კომპანიასთან ერთად", - თქვა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

"საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს... სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის წარმომადგენლები დრონების საცდელ ფრენას დაესწრნენ
მთავრობის წარმომადგენლები დრონების საცდელ ფრენას დაესწრნენ

აქვე აღნიშნულია, რომ FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი - "სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით".

"WARMATE-ი ("კამიკაძე") საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია შპს „დელტა-ვებე“ ამ დრონების საწარმოებლად შეიქმნა საქართველოში შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. "დელტა" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული კომპანიაა, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.

მასალა განახლდა მას შემდეგ, რაც მთავრობის პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ საქართველოში ჩატარდა მხოლოდ სატესტო ფრენები.

XS
SM
MD
LG