Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პუტინი, სტალინის მსგავსად, მართლმადიდებელ ეკლესიას სათავისოდ იყენებს“ - სერ ედვარდ ლი


სერ ედვარდ ლი - ბრიტანეთის ლორდთა პალატის ერთ-ერთი უხუცესი წევრი, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
სერ ედვარდ ლი - ბრიტანეთის ლორდთა პალატის ერთ-ერთი უხუცესი წევრი, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

“მოხარული ვარ, რომ უკრაინას ეს ტანკები გადავეცით. ალბათ კიდევ მეტსაც გადავცემთ და მიხარია, რომ სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა ვაჩვენეთ მაგალითი გერმანელებსა და ამერიკელებს”, - უთხრა “რადიო თავისუფლებას” სერ ედვარდ ლიმ, კონსერვატორმა ბრიტანელმა პარლამენტარმა.

რუსეთის იმპერიის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი გოლიცინის შთამომავალი და “სერიულ მეამბოხედ” მონათლული ლი ლორდთა პალატის ერთ-ერთი უხუცესი წევრია, პოლიტიკური კარიერა კი მარგარეტ თეტჩერის ასისტენტობით დაიწყო. “რადიო თავისუფლებამ” მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ყოფნისას უკრაინის ომზე დაუსვა რამდენიმე კითხვა.

რადიო თავისუფლება: სერ ედვარდ, თქვენ საკუთარ თავს თეტჩერის განუხრელ მიმდევრად მიიჩნევთ. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა მარგარეტ თეტჩერის პოლიტიკური კურსი უკრაინის ომთან მიმართებით? იქნებოდა თუ არა ის განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს ბრიტანეთის მთავრობა აკეთებს?

ედვარდ ლი: დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ - დღეს რომ მისის თეტჩერი ცოცხალი იყოს, ის უკრაინის მხარდამჭერი იქნებოდა, თანაც მტკიცე მხარდამჭერი. ის ეწინააღმდეგებოდა აგრესიას - პრემიერი თეტჩერი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე კარგად უწყოდა, თუ რას წარმოადგენდა ცივი ომი. იგი იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. და იმავეს გააკეთებდა დღესაც, რადგან ფაქტია, რომ რასაც პუტინი აკეთებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობა.

რადიო თავისუფლება: ისევ ფიქრობთ, რომ ბრიტანეთმა საკმარისი გააკეთა უკრაინისთვის, როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად დევნილების საკითხში? [გასული წლის მარტში ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის ნათქვამს დებატებისას, რომ ლტოლვილების შემოსვლამ უკვე იმოქმედა დასაქმებისა და საბინაო პრობლემებზე ბრიტანეთში, კრიტიკა მოჰყვა რ.თ.]

ედვარდ ლი: ჩემი კომენტარი ლტოლვილების თემასთან დაკავშირებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული. შემიძლია გითხრათ, რომ მტკიცედ ვუჭერ მხარს უკრაინელი ლტოლვილების მიღებას და ჩემი ოფისი ბევრს მუშაობს ამის მისაღწევად. პრობლემა სამთავრობო ბიუროკრატიაა.

რადიო თავისუფლება: როგორც ამბობენ, თუ ნება არსებობს, (პრობლემის გადაჭრის) გზებსაც იპოვი.

ედვარდ ლი: დიახ, მაგრამ ჩვენთან ზედმეტად დიდი ბიუროკრატიაა [სწორი] გზის საპოვნელად.

რადიო თავისუფლება: ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2 საბრძოლო ტანკებს მიაწოდებს – უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ მეტს?

ედვარდ ლი: სამხედრო ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ უკრაინას ეს ტანკები გადავეცით. ალბათ კიდევ მეტსაც გადავცემთ და მიხარია, რომ სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა ვაჩვენეთ მაგალითი გერმანელებსა და ამერიკელებს.

რადიო თავისუფლება: 2003 წელს ერაყში შესვლას მძაფრად აკრიტიკებდით. დღეს ერაყი ერთგვარ პრეცედენტად იქცა - დასავლეთს სწორედ ერაყში შესვლას აყვედრიან, როდესაც უკრაინაში პუტინის ქმედებებს აკრიტიკებს. რას ფიქრობთ ამ პარალელებზე?

ედვარდ ლი: ვერანაირ პარალელს აქ ვერ ვხედავ. დიახ, მე ვეწინააღმდეგებოდი ერაყში შესვლას, დავუპირისპირდი ბლერს, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, განპირობებული იყო შეკავების პოლიტიკით. გვითხრეს, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი იყო. ბლერი [ტონი ბლერი - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1997-2007წწ. რ.თ] კეთილი განზრახვით მოქმედებდა, პუტინი კი ბოროტით. ამას გარდა, ალბათ გახსოვთ, რომ ერაყი მეორე მსოფლიო ომამდე ჩვენი კოლონია იყო, მაგრამ ბრიტანეთში აზრადაც არავის მოსვლია, მით უმეტეს ბლერს, რომ ერაყი ისევ ბრიტანეთის კოლონიად უნდა გვექცია. განსხვავებით პუტინისგან, რომელიც სწორედ ამას ცდილობს უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ყოველგვარი შედარება უსაფუძვლოა.

რადიო თავისუფლება: როგორც მორწმუნე კათოლიკე და დიდი ბრიტანეთის კათოლიკური კავშირის პრეზიდენტი, რას იტყოდით ვლადიმირ პუტინის ტაქტიკაზე - მართლმადიდებლობისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იარაღად გამოყენებაზე უკრაინის ომში?

ედვარდ ლი: რუსეთში, ტრადიციულად, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ახლოს იყო ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, ცართან. და პუტინი ამას სათავისოდ იყენებს, ისევე, როგორც სტალინმა გამოიყენა ეკლესია სათავისოდ. ეს რელიგიის აბუჩად აგდებაა. წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი და დანარჩენები პუტინს ამ აგრესიული ომის გამართლებაში ეხმარებიან. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანები არიან და ჩემი გადმოსახედიდან, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და პატრიარქები სჯობს ქრისტეზე ქადაგებდნენ, ვიდრე ომზე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG