Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები თბილისის მერიას და საკრებულოს მოუწოდებენ, არ გასცენ ნებართვა "ქართუს" ცათამბჯენების აშენებაზე


პროექტის კომპიუტერული რენდერი
პროექტის კომპიუტერული რენდერი

ქალაქგეგმარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები თბილისის მთავრობასა და საკრებულოს მიმართავენ, არ დაუშვან ქალაქის ცენტრში აშენდეს ცათამბჯენები. საუბარია ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისა და “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის, 48 და 60-სართულიანი შენობების აშენებაზე, რომლებიც თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების ზონაში ექცევა.

"მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია", - აცხადებენ ხელმომწერები და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

განცხადებაში მითითებულია, რომ ეს პროექტი შეუთავსებელია "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონთან, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმა.

"შემოთავაზება “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს.

განცხადებას ხელს აწერენ: "ღია საზოგადოების ფონდი"; მოძრაობა "ტალღა"; "საქართველოს ეროვნული ფონდი"; "ეკო ცენტრი", ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი; საზოგადოება "ბათომი"; ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია); "მწვანე ალტერნატივა"; "ურბანული განვითარების ინსტიტუტი"; ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი; ნანა ზაზანაშვილი, არქიტექტორი; თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე; "ICOMOS საქართველო"; სამოქალაქო მოძრაობა "მე ვარ ქალაქი"; "გურიის სამოქალაქო ცენტრი"; "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"; მანანა თევზაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი; "მწვანეები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG