Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ბრძანებით ქალები უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე აღარ დაიშვებიან


ავღანეთში თალიბანის მთავრობის განათლების სამინისტრომ კერძო უნივერსიტეტებში ქალებს მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა აუკრძალა. სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტები აკრძალვის დარღვევისთვის სასამართლოში პასუხს აგებენ.

ავღანეთში 40 საჯარო და 150 კერძო უნივერსიტეტი მოქმედებს. ავღანეთის უნივერსიტეტებში მომდევნო მისაღები გამოცდები თებერვლის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში, ავღანეთში უკვე შეჩერდა უკვე ჩარიცხული სტუდენტების უნივერსიტეტებში დაშვება. თალიბანის მთავრობამ ასევე აუკრძალა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში (მათი რაოდენობა 180-ია) მუშაობა. ამ აკრძალვის გამო გაერომ ქვეყანაში ჰუმანიტარული პროგრამების ნაწილი შეაჩერა.

საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად გმობს ავღანეთში ქალთა უფლებების დარღვევას თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. უცხოეთის მთავრობებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, განაცხადეს, რომ თალიბანმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ქალთა განათლების მიმართ მანამ, ვიდრე ქვეყნები შეძლებენ თალიბანის ადმინისტრაციის ოფიციალურად აღიარების განხილვას. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა გენდერულ შევიწროებას "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" უწოდა."

  • 2021 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე დაიწყო ქალთა უფლებების პატივისცემის შესახებ გაცემული დაპირების უგულებელყოფა. 2021 წლის სექტემბერში მათ შეცვალეს წესები და უნივერსიტეტებში მამაკაცები და ქალები ვალდებულნი გახდნენ, ცალკ-ცალკე ესწავლათ. ისლამისტებმა ასევე გააუქმეს 20 წლის განმავლობაში არსებული ქალთა საქმეების სამინისტრო, შეზღუდეს გოგონებისთვის სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობა, აუკრძალეს ქალებს სპორტის თამაში, ტელეწამყვანები ვალდებულნი გახდნენ, ჰიჯაბი ატარონ.
  • მოძრაობა თალიბანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც, ტერორისტულ მოძრაობად არის აღიარებული, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება მასთან კონტაქტებს ოფიციალურ დონეზე ინარჩუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG