Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის გადაწყვეტილებამ ფინეთსა და ნატოზე, შესაძლოა, შვედეთი შოკში ჩააგდოს - ერდოანი


თურქეთის პრეზიდენტი
თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიანიშნა, რომ ანკარა შესაძლოა დათანხმდეს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ უარი თქვას მსგავსი თანხმობის შვედეთისთვის მიცემაზე.

თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა ბოლო კვირების განმავლობაში სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

თურქეთში ასევე მკვეთრად გააკრიტიკეს შვედეთში რადიკალური აქტივისტების გამოსვლები, რომლებსაც თან ახლდა ყურანის დაწვა. მაგრამ შვედეთის ხელისუფლება ამ აქციებს გაემიჯნა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოს, მის რიგებში გაწევრიანების სურვილით, ერთდროულად გასული წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრიდან მალევე მიმართეს. ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც დიდი ხანია ნეიტრალურები არიან, შეთანხმდა, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ ალიანსში გაწევრიანების პროცესში.

"საჭიროების შემთხვევაში, ფინეთს სხვა პასუხს გავცემთ, ვიდრე შვედეთს. შვედეთი შოკირებული იქნება ჩვენი პასუხით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

თურქული სააგენტოების თქმით, როდესაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობდა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ყურადღება გაამახვილა არა ყურანის დაწვაზე, არამედ სტოკჰოლმისადმი ანკარის მოთხოვნაზე, რომ მოეხდინა იმ რამდენიმე ათეული ქურთი აქტივისტის ექსტრადირება, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმში ადანაშაულებს. "თუ ნამდვილად გსურთ ნატოში გაწევრიანება, მაშინ ამ ტერორისტებს გადმოგვცემთ", - განაცხადა ერდოანმა.

შვედეთმა და ფინეთმა გასულ ზაფხულს მადრიდში ალიანსის სამიტზე თურქეთთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად ორივე ქვეყანამ, კერძოდ, გააუქმა თურქეთის მიმართ არსებული იარაღის ემბარგო. შვედეთმა, ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით, დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში და ასევე მოახდინა რამდენიმე ეჭვმიტანილის ექსტრადირება.

მაგრამ შვედმა მოსამართლეებმა ხელი შეუშალეს რიგი ეჭვმიტანილების ექსტრადიციას, ხოლო შვედეთის პროკურატურამ უარი თქვა საქმის აღძვრაზე იმ ქურთი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებმაც დემონსტრაციის დროს ერდოანის გამოსახულება ჩამოკიდეს. ამან ანკარის განრისხება გამოიწვია. ყურანის დაწვასთან დაკავშირებული აქციის შემდეგ კი თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის შვედეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე.

იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდნენ, მათი გაწევრიანება კავშირის 30-მდე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. 28 ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა, უნგრეთის თანხმობა მოსალოდნელია უახლოეს მომავალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG