Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ავსტრიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

ნეჰამერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

პრესრელიზის თანახმად, კანცლერმა ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაც. კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის სრული მზაობა.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი პრემიერ-მინისტრმა გააცილა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

XS
SM
MD
LG