Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის ფორმას იღებს


„საერთაშორისო გამჭვირვალობამ" (Transparency International), გამოაქვეყნა ტრადიციული „კორუფციის აღქმის ინდექსი“. 2022 წლის ინდექსის თანახმად, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით უკეთესია - კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე 100 ქულით აღინიშნება, ხოლო ყველაზე მაღალი - 0-ით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ, მართალია, ქვეყანას რეგიონში პირველი ადგილი უჭირავს, ეს მექრთამეობასთან ბრძოლის ძველი მიღწევების შედეგია. საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. „ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ჩემპიონი იყო, ახლანდელი მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლის ნებისმიერ მცდელობას ახშობს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ ათობით შემთხვევა აღწერა, როდესაც მაღალი დონის კორუფცია გამოუძიებელი დარჩა. „მსგავსი შემთხვევების ბუნებას, მასშტაბს და მზარდ რაოდენობას მივყავართ შემაშფოთებელ დასკვნამდე, რომ საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის ფორმას იღებს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და დასძენს, რომ ოფიციალური პირები სისტემატურად იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას კრიტიკული ხმების - პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების - ჩასახშობად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა სწორედ მაღალ დონეზე კორუფციასთან დაკავშირებული უმოქმედობა დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად 2022 წლის ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ერთი პუნქტი ქვეყნის „დეოლიგარქიზაციაში“ დასახმარებლად ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ მსგავსი სააგენტოს შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან გეგმაში არ შედის გამოძიების უფლება და საკმარისი დამოუკიდებლობა.

რეგიონში სულ სამ ქვეყანას აქვს გლობალურ საშუალო ქულაზე, 43-ზე მაღალი რეიტინგი: საქართველოს (56), სომხეთს (46) და მონტენეგროს (45). ყველაზე ცუდი მაჩვენებლები რეგიონში აქვთ თურქმენეთს (19), აზერბაიჯანს (23) და ტაჯიკეთს (24).

2017 წლის შემდეგ საგრძნობი წინსვლა დაფიქსირდა სომხეთში, მოლდოვასა (39) და უზბეკეთში (31).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG