Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევას დონეცკის ოლქზე


უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში, რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დანგრეულ სახლთან. 2023 წლის 17 იანვარი
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში, რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დანგრეულ სახლთან. 2023 წლის 17 იანვარი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, როგორც ჩანს, ბოლო სამი დღეა, რუსეთმა კოორდინირებული სახე მისცა შეტევებს დონეცკის ოლქის ქალაქების, უგლედარის და პავლოვკის გარშემო. ეს დასახლებული პუნქტები ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი იყენებს საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადას, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში, ამავე რაიონზე შეტევისას წარმატებას ვერ მიაღწია, ამჯერად კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწია ფრონტის ხაზის აღმნიშვნელ მდინარე კაშლაჰაჩთან.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ რუსული სარდლობა ამზადებს შეტევის ახალ მიმართულებას დონეცკის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს, რათა უკრაინის არმია ბახმუტს მოსწყვიტოს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი ბახმუტის სექტორში მიაღწევს ლოკალურ წარმატებებს, თუმცა, ოპერატიული გარღვევისთვის მისი ძალები არასაკმარისია.

რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთში მოსალოდნელ ახალ შეტევაზე წერს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც(ISW). მისი ექსპერტების თანახმად, დასავლეთის, უკრაინის და რუსეთის ბოლო განცხადებები ადასტურებს ცენტრის პროგნოზს, რომ რუსული ძალები ქმნიან პირობებს უახლოეს თვეებში ლუგანსკის ოლქში გარდაუვალი შეტევის დასაწყებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG