Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგური "ვარკეთილი" 2 თვით დაიკეტება - ამბობს თბილისის მერი


მეტროსადგური "ვარკეთილი"
მეტროსადგური "ვარკეთილი"

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 9 თებერვალს დაიწყება მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია. ხელშეკრულებით სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მერმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია აზბესტის ფილების დემონტაჟი. სწორედ ამიტომ, სადგური ივნის-აგვისტოს პერიოდში დაახლოებით ორი თვით დაიკეტება.

"ვარკეთილის" დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. დაახლოებით, ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით, ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად", - თქვა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში ტენდერის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სამუშაოების ჩასატარებლად. მერიამ სადგურის რეაბილიტაცია დაუკვეთა კომპანია "ბადა ქონსთრაქშენს", რომელიც კიდევ ერთ მეტროსადგურს, "ავლაბარსაც" არემონტებს. სადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია 13 398 612 ლარი ჯდება.

ამ დრომდე მგზავრებს ვერ ემსახურება მეტროსადგური "გოცირიძე", რომლის რეაბილიტაციაც მერიას, პირველადი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა. სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. მას შემდეგ სადგურის გახსნის თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

XS
SM
MD
LG