Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო


ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა
ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი აპრილისთვის გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ტვიტერში გაავრცელა. მისი განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება მოუწიათ, თუმცა ჩართულობისთვის მზად არიან.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელსაც ტოივო კლაარი ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2023 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება.

„თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილესთან კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ადასტურებენ როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს 3 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის გამართვას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან.

მისი სიტყვებით, რუსულმა მხარემ ცოტა ხნის წინ მიიღო შეტყობინება 21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი, 57-ე რაუნდის გაუქმებისა და 4-5 აპრილისთვის გადადების შესახებ. შესაბამისად, მისი სიტყვებით, ამგვარ ვითარებაში „საერთაშორისო სპეციალისტების ვიზიტებმა ვერ და არ უნდა ჩაანაცვლოს ჟენევის ფორმატის სრულფასოვანი საქმიანობა. ჩვენ ველით, რომ ჩვენი სიგნალები ისმის ბრიუსელში, ვენაში და ნიუ-იორკში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გადაწყვეტილება რაუნდის გადადების შესახებ დელეგაციებთან შეუთანხმებლად მიიღეს, „თავიანთი სტატუსის ბოროტად გამოყენებით“, რასაც „დასავლეთის დესტრუქციული ხაზის გაგრძელებად მივიჩნევთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაბლოკვის მიზნით“.

გუშინ, 31 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების გამო, გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც "8-9 თებერვალს აპირებდნენ ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად“.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევის დისკუსიებში მონაწილე დასავლელი წარმომადგენლები გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები „ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ“.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG