Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, რუსეთის ელჩებს დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები


გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები რუსეთის ელჩებს. მინისტრის თქმით, ევროპაში რუსეთის ელჩების შენარჩუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად აზრსაა მოკლებული. ამის შესახებ წერს გამოცემა Verslo Zinios-ი.

"უმეტეს შემთხვევაში ეს აღარაა დიპლომატიური ინსტიტუტი, არამედ არის პროპაგანდის ინსტიტუტი, რომელიც ფარავს ომის დანაშაულებს და მთლიანობაში ავრცელებს გენოციდურ [მესიჯს]", - თქვა ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით, ლიეტუვამ რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა გასული წლის აპრილში, ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ცნობების პასუხად. იანვარში რუსეთის ელჩები გაუშვეს ესტონეთმა და ლატვიამაც.

ამავდროულად, ლანდსბერგისმა აღიარა, რომ რუსეთის ელჩების გაშვების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

რუსეთმა იანვარში შეამცირა ესტონეთთან დიპლომატიური კავშირების დონე და ელჩს რუსეთის დატოვება მოსთხოვა. დიპლომატიური ურთიერთობები დავიდა მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დონემდე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ეს იყო პასუხი "ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე", რასაც მოსკოვი "არამეგობრულ ნაბიჯად" მიიჩნევდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა.

ლატვიამ, ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ასევე გამოაცხადა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების დონის შემცირება. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩებს უშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG