Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს


გიორგი ჩალაძე
გიორგი ჩალაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მის პრიორიტეტს წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლება. როგორც ხაბეიშვილმა თქვა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში, ამ საკითხზე შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

„პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ამ ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის შტაბებზე, რომლებზეც ვლაპარაკობდით, ამ შტაბების გახსნა. იცით, რომ გიორგი ჩალაძესთან დავასრულეთ ამ მიმართულებით კონსულტაციებიც, მოლაპარაკებები. გაკეთდება ჯგუფი, გიორგი უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

30 იანვარს დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც.

არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

„მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

XS
SM
MD
LG