Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, მისი სიცოცხლის და ქვეყნის ევროპული სახის შესანარჩუნებლად - აუსტრევიჩუსი


პეტრას აუსტრევიჩუსი, ევროპარლამენტარი
პეტრას აუსტრევიჩუსი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისას საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველო ძირეულად შეცვალა, ახლა კი "ციხეში იტანჯება".

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროევროპულია, ერთ დროს მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, მიმდინარეობს ისეთი პოლიტიკური ბრძოლა, რაც უგულებელყოფს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გააღვიძა და ქვეყანა ძირეულად შეცვალა, უკვე 16 თვეა, ციხეში იტანჯება.

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება? მოვუწოდებ [მთავრობას], მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მისი სიცოცხლის და ქვეყნის ევროპული სახის შესანარჩუნებლად", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG