Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი "ემპათიის" კონსულტაციით მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებელ კალორიებს იღებს - "ვივამედის" დირექტორი


ზურაბ ჩხაიძე, კლინიკა "ვივამედის" დირექტორი
ზურაბ ჩხაიძე, კლინიკა "ვივამედის" დირექტორი

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" წარმომადგენლებს, "ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს". პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კვებასთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ პატიმარი ასრულებს ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციებს.

"ჩვენი პირველი, მთავარია ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ ["ემპათიის"] რეკომენდაციებს. კალორაჟი, ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად პაციენტი ექვემდებარება მას. ანუ ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად. ამიტომაც მე წინა გამოსვლებშიც ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

"ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ კლინიკა "ვივამედის" წარმომადგენლები არღვევენ სააკაშვილის უფლებებს, როცა ამბობენ, რომ ის არ ემორჩილება მკურნალობას.

"ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ ცენტრი "ემპათია"-ს დისკრედიტაციას. ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი - პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და კლინიკა "ვივამედს" . ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი "ემპათია" მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება", - წერს ჯიშკარიანი ფეისბუკში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG