Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია ხაბეიშვილზე: ვშიშობ, არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, შესახებ ილაპარაკა „TV პირველის" ეთერში მისმა წინამორბედმა ნიკა მელიამ. როგორც ის ამბობს, შიშობს, რომ ხაბეიშვილი არ აღმოჩნდეს არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში.

„მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ. ეს გამოცდილება მიმიღია, საზოგადოებას გავუკიცხივარ თუ არ გავუკიცხივარ, ფაქტია, რომ ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა", - თქვა მელიამ.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელის ინსტრუმენტაცია". მისი თქმით, იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში საკითხების სწრაფად გადაწყვეტის სურვილმა. „რაღაც ნაწილმა, ალბათ, დაიჯერა, რომ მთავარია, პარტიის თავმჯდომარის სავარძელი აღარ ეკუთვნოდეს ნიკა მელიას და გადავიდეს სხვა პირების ხელში და მიზანი მიღწეული იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

30 იანვარს დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც.

არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

„მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეკითხვას - „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“ - თავმჯდომარედ არჩევამდე ლევან ხაბეიშვილმა ასე უპასუხა: „თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე".

XS
SM
MD
LG