Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ქვეყანაში ათი ათასი უიღურის განსახლების შესახებ


უიღურების დაკავების უდიდესი ცენტრი სინიანის პროვინციაში. 2021 წლის მაისი
უიღურების დაკავების უდიდესი ცენტრი სინიანის პროვინციაში. 2021 წლის მაისი

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩინეთის რეგიონ სინიანიდან ათი ათასი უიღური ლტოლვილი მიიღოს, ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

უიღურების კანადაში გადასახლება, რეზოლუციის თანახმად, რეკომენდებულია დაიწყოს 2024 წელს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "უიღურები და სინიანის სხვა მკვიდრი თურქულენოვანი თემების წარმომადგენლები, რომლებიც მესამე ქვეყნებში გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნების მიზნით ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და დაშინებას განიცდიან."

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის მიღება არ ავალდებულებს კანადის მთავრობას მასში მითითებული წინადადებების უსათუოდ შესრულებას, პარლამენტში ერთსულოვანი მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს მყარი ფაქტორი უმცირესობის მთავრობის მიერ მისი განხორციელების ზომების მიღებისთვის.

"კანადა ყოველთვის შეიტანს თავის წილს მათ დასახმარებლად, ვინც მფარველობას საჭიროებს. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ვიმუშაო ყველა პარტიის წარმომადგენელთან თემთა პალატის მიერ დამტკიცებული ზომების განვითარებისთვის“, - განაცხადა კანადის იმიგრაციის საქმეთა მინისტრმა შონ ფრეიზერმა.

უიღურები თურქული ეთნიკური ჯგუფია, რომელიც წარმოშობით და კულტურულად ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან. მათ მიმართ მოპყრობას ჩინეთის ოფიციალური პირების მხრიდან სინიანის პროვინციაში, სადაც უიღურები იძულებით მოათავსეს ბანაკებში, შეერთებულმა შტატებმა გენოციდი უწოდა.

2022 წლის აგვისტოში გაერომ დაადანაშაულა ჩინეთის ხელისუფლება უიღურების უკანონო დაპატიმრებაში და არასათანადო მოპყრობაში, ასევე მათ იძულებით შრომაში ჩართვაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ უარყო გაეროს ანგარიშში მოტანილი ბრალდებები და მას "ჩინეთის ოპონენტების მიერ შეთითხნილი დეზინფორმაცია და ტყუილი" უწოდა.

XS
SM
MD
LG