Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG