Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები კიევის სამიტზე: "უკრაინის მომავალი ევროკავშირშია"


პრესკონფერენცია ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ. მარცხნიდან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი. კიევი, 2023 წ. 3 თებერვალი.
პრესკონფერენცია ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ. მარცხნიდან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი. კიევი, 2023 წ. 3 თებერვალი.

უკრაინამ „მნიშვნელოვანი ძალისხმევა“ გამოავლინა ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, ნათქვამია ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის, ევროკომისიის თავმჯდომარის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ დასკვნით განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ. ევროკავშირ-უკრაინის სამიტი, რომელიც პირველია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პარასკევს გაიმართა კიევში.

„უკრაინა არის ევროკავშირი, ევროკავშირი არის უკრაინა“, განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შემდეგ გაიმართა. თავის მხრივ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება, რაც შეიძლება უფრო დააჩქაროს ევროკავშირში მიღება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის კავშირში უკრაინის მიღების თაობაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყება.

ევროკავშირში მიღების პროცესი ძალზე რთული და ხანგრძლივია, ის მოიცავს მრავალეტაპიან სამართლებრივ რეფორმებს. კანდიდატის სტატუსიდან, რომელიც უკრაინამ ზაფხულში მიიღო, ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებამდე ზოგჯერ ათწლეულზე მეტი დრო გადის.

სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კონკრეტული ვადების დასახელების გარეშე არის ნახსენები უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილება, „რაც შეიძლება მალე“ დაიწყოს მოლაპარაკებები.

პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ინიციატივას, „მშვიდობის ფორმულას“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს ასევე „მშვიდობის ფორმულის“ სამიტის გამართვას ამ გეგმის განხორციელების დასაწყებად.

ევროკავშირი აპირებს გაააქტიუროს ძალისხმევა, რათა რუსეთის გაყინული აქტივები გამოყენებულ იქნეს უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად, ნათქვამია ევროკავშირისადა უკრაინის ერთობლივ განცხადებაში. თუმცა ჯერჯერობით არ არის ნათელი რა იურიდიულ ჩარჩოებში მოხერხდება ეს.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, იზრუნოს იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა მისმა სანქციებმა მოსკოვს არ მისცეს სამხედრო ძალების აღდგენის შესაძლებლობა.

პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებზე ილაპარაკა.

„ბახმუტს არავინ დათმობს. ვიბრძოლებთ, რამდენსაც შევძლებთ. ჩვენ ბახმუტი ჩვენს სიმაგრედ მიგვაჩნია... თუკი დაჩქარდება შეიარაღების მოწოდება, კერძოდ - შორს მოქმედი შეიარაღებისა, მაშინ არა მხოლოდ არ გამოვალთ ბახმუტიდან, არამედ დონბასის დეოკუპაციასაც დავიწყებთ,“ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG