Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელმეორედ დაბადება


ავტორი: ანა ჯიქურიძე

“ამ ქვეყანაზე ყველანი ერთხელ ვიბადებით” - ალბათ ყველას გვახსოვს ეს ცნობილი გამონათქვამი, რასაც ჩვენი თამამი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ვაჟღერებთ ხოლმე. ამ ფრაზას ყოველთვის დადებითი კონოტაცია აქვს ჩვენს მეხსიერებაში და გვიბიძგებს თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. თითქოს ბევრი დრო და შესაძლებლობა არ გვაქვს ცხოვრების სტილის ასარჩევად ან/და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ ლოდინს და ყოყმანს უნდა შევეშვათ და ვიმოქმედოთ, რათა ამ ცხოვრებას გემო გავუგოთ.

მაგრამ მე მგონია, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ცხოვრებაში ორჯერ დაბადებას ვასწრებთ თუ ამის საკმარისი სურვილი გვაქვს. პირველად ვიბადებით მაშინ, როდესაც მშობელი დედა ამ სამყაროზე მოგვავლენს, ხოლო მეორედ ვიბადებით მაშინ, როდესაც ჩვენი გაცნობიერებული არჩევანის და საკმარისი ძალისხმევის შედეგად ვირჩევთ თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. თუ პირველი დაბადება წმინდად ფიზიოლოგიური პროცესია, მეორე დაბადება არის, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი პირადი გაცნობიერებული გადაწყვეტილების პროდუქტი, რა დროსაც ვირჩევთ ვიყოთ კეთილები თუ ბოროტები, განათლებულები თუ უწიგნურები, მშრომელები თუ ზარმაცები, თბილი თუ ცივი ბუნების მქონენი და ა.შ. ასევე ჩვენ ვირჩევთ ჩვენს საცხოვრებელ სახლს და ვქმნით ჩვენს აურას მასში, ვირჩევთ მეგობრებს, ვირჩევთ პროფესიასა და სამუშაო გარემოს, რაც დიდ გავლენას ახდენს და გარდამტეხ როლს თამაშობს ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებაში. როდესაც ყველაფერი ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანის შედეგი ხდება, აი, მაშინ ვიბადებით ხელმეორედ და ვქმნით ჩვენს თავს თავიდან.

ხელმეორედ დაბადებისთვის ადამიანს საკმარისი წარმოდგენა უნდა ქონდეს სამყაროსა და ადამიანებზე. ამიტომ ხელმეორედ დაბადება მხოლოდ ზრდასრულ ასაკშია შესაძლებელი, როცა უკვე გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს დაგროვებული და შეგვიძლია გზა გავიკვალოთ ამ ქაოსურ წესრიგში. ხშირად ჩვენთვის სასურველი იმიჯისა და იდენტობის შექმნაში ძალიან გვეხმარება ჩვენთვის საყვარელი ფილმები და წარმატებული ადამიანების ისტორიები. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ცხოვრება ტრაგიზმს ან ტრაგიკომედიას ემსგავსება მაშინ, როდესაც მოულოდნელ სურპრიზებს გვთავაზობს და ჩვენ ამ დროს მოუმზადებლები ვიწყებთ ღირებულებების გადაფასებას. ამ ყველაფრის შედეგად კი ძალაუნებურად ვიცვლებით. ერთი სიტყვით, ცხოვრებისეულ ტკივილზე, ფილმებზე თუ წარმატებული ადამიანების ისტორიებზე დაყრდნობით ერთგვარ კონტენტს ვქმნით ჩვენს წარმოსახვაში, რაზეც ვაშენებთ ჩვენს ახალ იდენტობასა და იმიჯს. ეს პროცესი რთულია და ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია თუ სათანადო მონდომებით შევუდგებით ჩვენი გარდასახვის ოპერაციას. მთავარია გავითავისოთ, რომ ყველაფერი ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგია.

ავტორი: ანა ჯიქურიძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG