Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოსტანი სახურავზე“, „ანტისანიტარიასთან ბრძოლა“ ... რამდენიმე რჩევა თბილისის მერიას


ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე

საქართველო გადაუჭრელი პრობლემების ნაკლებობას არ განიცდის და ის ჩვენი ცხოვრების თითქმის ყოველ მხარეს შეეხება. რასაკვირველია ქვეყნის მმართველი ძალებისათვის ეს ყველაფერი საიდუმლოს არ წარმოადგენს და მათ გადაწყვეტას სხვადასხვა კანონებითა თუ დირექტივებით ცდილობენ. სამწუხაროდ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის და კავკასიაში მდებარე ჩვენი პატარა სახელმწიფო კვლავ უკეთესი მომავლის მოლოდინშია.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ წინაშე მდგარი წინააღმდეგობების გადალახვას ზოგჯერ ორიგინალური, მაგრამ დროული მეთოდებით ცდილობენ. ეს ერთი შეხედვით „უცნაური პროექტები“ ხშირად ირონიულადაც კი გამოიყურება, მაგრამ მიზანს მაინც აღწევს.

ჩვენს წერილში შევეცდებით, რომ რამდენიმე მათგანი ჩვენს კანონმდებლებს, უფრო ზუსტად კი თბილისის მერიას გავაცნოთ და „მოწონების შემთხვევაში“ პრაქტიკაშიც „დავანერგინოთ“.

საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გასაჭირი, მისი მოსახლეობის სიღარიბეში უნდა ვეძიოთ. სტატისტიკოსების გამოთვლებით ქართველთა გარკვეული და არამცირე ნაწილი სიღატაკის ზღვარს უკაკუნებს. დრო გადის, მათხოვარ-უპოვართა რაოდენობა კი მატულობს. ამას ერთი პრობლემაც ემატება. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თბილისშია ჩამოსული და ამით მიწათმოქმედების ქვეყნიდან, საქართველო ერთ დიდ გარე ვაჭრობის ობიექტად გადაიქცა.

მოსახლეობის დასაქმებისათვის და იმავდროულად თბილისის სასურსათო მომარაგების გაუმჯობესებისათვის ერთ ორიგინალურ წინადადებას გთავაზობთ. ცოტა ხნის წინ ქალაქ ლონდონის მერიის წარმომადგენლებს თავში ერთი ბრწყინვალე აზრი მოუვიდათ. მათ წინადადება წამოაყენეს, რომ მოსახლეობას ქალაქის მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ...ბოსტნები აქტიურად მოეწყოთ.

ბრიტანელების გამოთვლებით, ინგლისის დედაქალაქში არსებული შენობების ბრტყელი სახურავების საერთო ფართი 24 ათასი ჰექტარია. წარმოიდგინეთ, ამ ფართზე რა რაოდენობის მოსავლის მოწევა შეიძლება. თუ „ბოსტანიზაციის“ ამ პროექტმა დღის სინათლე იხილა, ამით ლონდონის ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ინგლისელებიც საკუთარ სუფრას მაღალი ხარისხის ბოსტნეულით დაამშვენებენ.

მგონია რომ შესანიშნავი თაოსნობაა და მისი თბილისში დანერგვა ცუდი არ იქნებოდა. ამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მრავალი ახლად აშენებული ბრტყელ სახურავიანი სახლია, გვყავს ბლომად უმუშევარიც. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე შრომობს რაიონებიდან ჩამოსული მრავალი გლეხიც.

ჰა, ბურთი და მოედანი. თუ დაინტერესება იქნება, შეიძლება ამ საქმეს თავი ქალაქის მერიამ მოაბას, შეიძლება ინიციატივა ხელში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ჩაიგდოს“. არ გამოვრიცხავ, რომ ამ იდეას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურონ და შესაბამისი აქციებიც წამოიწყონ, სადაც მთავარ ლოზუნგად „გადავაქციოთ თბილისი ერთ დიდ ბოსტნად“ იქნება გამოტანილი.

წინა საუკუნის 90-იან წლებში ლეგენდასავით დადიოდა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის ამბავი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტზე, თეატრალური ინსტიტუტის პირდაპირ, ერთ-ერთი შენობის სახურავზე „პლანის“ პლანტაცია ჰქონდა გაშენებული და მოწეული „პროდუქციით“ ყველა ახლობელს ამარაგებდა. მთავარი მაინც სწორად წარმართული საქმიანობაა და რა სჯობს თუნდაც „რედისონის“ სახურავზე მოყვანილ ხახვს, სტაფილოს, ბადრიჯანს ან კომბოსტოს.

ანტისანიტარია მთელი მსოფლიოს უკურნებელი ჭირია და ამით ქართველებიც შეწუხებულები ვართ. მართალია თავდაუზოგავად ვებრძვით მომრავლებულ ვირთხებს, გველებს, ბუზებს, მაგრამ ამ უხილავ ფრონტზე ადამიანების სრულ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია. ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარების ერთ მართლაც უცნაურ ხერხს მიაგნო. მათ დახოცილი ბუზების სანაცვლოდ გარკვეული თანხა დააწესეს და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარი გარიგებაც შესთავაზეს.

თითოეული ჩინელი, რომელიც შესაბამის ჩამბარებელ პუნქტში ორი ათას მკვდარ ბუზს წარადგენდა, 130 დოლარით დასაჩუქრდებოდა. აი ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე: ანტისანიტარიის კერების გაქრობასთან ერთად, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ხელს უწყობს.

თუ ჩვენს კანონმდებლებს ჩინური ექსპერიმენტის საქართველოში გადმოტანა მოესურვებათ, შეიძლება ფანტაზიასაც მოუხმონ, მარტო ბუზებით არ შემოიფარგლონ და დააწესონ გარკვეული ნიხრები მკვდარ გველებზე, ვირთხებზე ან ტარაკნებზე. წარმოიდგინეთ ამდენი ზღვა უმუშევარი ხალხი ერთ დღეში როგორ დასაქმდება.

დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენი ქვეყანა მრავალი „უწმინდური“ ქვეწარმავლისაგან სრულიად გათავისუფლდება და ალბათ სახელმწიფო სანიტარული სამსახური გასაუქმებელი შეიქმნება. სუფთა ეკოლოგია, მატერიალურად წელში გამართული მოსახლეობა, - რა სჯობს ყოველივე ამას.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოსახლეობის გაღატაკების პროცესი რომ მაინც გრძელდება?

რამდენიმე წლის წინ, ინგლისში ერთი საგულისხმო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც გონებიდან არ ამომდის და მსურს რომ ჩვენს საზოგადოებასაც გავაცნო.

თავის დროზე, დიდი ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის დეპუტატმა გრანტ შეპსმა კათოლიკური შობის ღამე ლონდონის ერთ ქუჩაში, საძილე ტომარაში გაათენა. ამ სახით მას იქაური საზოგადოების უსახლკაროებისადმი ყურადღების მიქცევა უნდოდა.

შეპსის განცხადებით, საჭირო იყო რაღაც არაორდინარულის გაკეთება, რათა ადამიანები უსახლკაროების პრობლემებზე ალაპარაკებულიყვნენ.

ქება და დიდება ბატონ გრანტს. მას არც ზღაპრული სუფრა გაუშლია და არც რომელიმე საქველმოქმედო ფონდშიც დიდი თანხა გადაურიცხავს. ის უბრალოდ იმ ტყავში შეძვრა, რითაც მრავალი მისი თანამემამულე ცხოვრობს.

ანალოგიური საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია და ამას თუნდაც თბილისის ქუჩებში სოკოებივით მომრავლებული უსახლკაროების რაოდენობაც მეტყველებს. ადრე ცნება „ქართველი ბომჟი“ ფიზიკურად არ არსებობდა. სამწუხაროდ დრო შეიცვალა და ამ მწარე რეალობის წინაშეც დავდექით. ვერ ვიტყვი რომ მთავრობა ამ ხალხს არ ეხმარება, მაგრამ მათი რაოდენობა უფრო დიდია და ამ საქმეს ალბათ მთელი საზოგადოების ერთიანი მონდომება თუ უშველის.

ბრიტანელი გრანტ შეპსი ქართველ პოლიტიკოსებზე ნაკლები ბიჭი ნამდვილად არ არის და შობის ღამეს საკუთარ ჭერქვეშ შეხვედრაზეც არ იტყოდა უარს. მიბაძეთ მას ქართველო მმართველი ელიტის წარმომადგენლებო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი თქვენს ამ ნაბიჯს ბევრად უფრო დააფასებს, ვიდრე ფართოდ რეკლამირებულ მრავალ პომპეზურ აქციებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG