Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ


60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა
60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით გადამზადებული 60 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით.

დღეს, 6 თებერვალს, თურქეთში გამთენიისას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი. დანგრეულია 2800-ზე მეტი შენობა.

გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა 40-ზე მეტი ბიძგი, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო, შუადღის შემდეგ კი, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG