Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ" - DRI ანგარიშს აქვეყნებს


ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 4 ივლისი, 2022 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით, "საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ". იგი მოიცავს 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის პირველი იანვრის ჩათვლით თბილისში და რუსთავში აქტივისტთა ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებზე დაკვირვების შედეგებს. ანგარიშში ასევე ასახულია ულტრამემარჯვენე დაჯგუფების შეკრებაზე დაკვირვების შედეგები.

მონიტორინგის ძირითად მიგნებებში ავტორები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამართული აქციები, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდებოდა - "გამართული არც ერთი შეკრების მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა".

ასევე ერთ-ერთი მიგნებაა, რომ აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური მოთხოვნებით ან პოლიტიკოსის მხარდაჭერის მიზნით იმართებოდა, ხოლო სოციალური შინაარსის აქციების რაოდენობა უკიდურესად მცირე იყო.

დაკვირვების შედეგებით გამოჩნდა, რომ გასულ წელს განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათის იყო საქართველოს ევროპული საგარეო არჩევანის მხარდასაჭერად 2022 წლის ივნის-ივლისში გამართული აქციები.

ეს შეკრება "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში (2019-2022 წლები) ყველაზე ხალხმრავალ აქციად შეაფასა.

ანგარიშის ავტორებმა დაადგინეს ისიც, რომ აქციების დროს ცალკეულ შემთხვევაში სამართალდამცავების რაოდენობა დემონსტრანტების რაოდენობას უტოლდებოდა ან აღემატებოდა.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ აქტუალური იყო სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების არასათანადო გამოყენება, რასაც სასამართლოებიც იზიარებდნენ.

"ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წელს ასახული გამკაცრებული ნორმების მთავარი ადრესატები მმართველი პარტიისადმი ოპოზიციურად განწყობილი მხარეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან".

ანგარიშის ავტორების შეფასებით, სამართალდამცველების და სასამართლოს მიდგომა აქციაზე დაკავებული პირების მიმართ შერჩევითია:

"როგორც წესი, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე დაკავებულ პირებს სასამართლო არაპროპორციულად მაღალ ჯარიმებს უფარდებს, მაშინ როდესაც სამართალდამცველები ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებზე დაკავებულ პირებს სიტყვიერი გაფრთხილების სანაცვლოდ ათავისუფლებენ".

ანგარიშის მიხედვით, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამკვირვებლები 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე 50 აქციას დააკვირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG