Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრაქტიკით, მინიმალური რეგულაციებია - კობახიძე პარლამენტში მედიისთვის ახალ წესებზე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მედიის ქცევის ახალ წესებზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმსჯელეს და "რეალურად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მინიმალური რეგულაციებია დაწესებული".

"თქვენ რომ ნახოთ ნებისმიერ ევროპულ [პარლამენტში] ან თუნდაც კონგრესში რა რეგულაციები მოქმედებს, ამაზე ათჯერ მკაცრი რეგულაციები არსებობს.

ჩვენ არავითარი მკაცრი რეგულაციები არ გვაქვს, არის მინიმალური რეგულაციები დადგენილი, რაღაც ელემენტარული ჩარჩოსთვის, თორემ არავის ეზღუდება არავითარი ფორმით კრიტიკული კითხვის დასმა.

ოთახში რომ არ უნდა შეუვარდე ადამიანს და რომ არ უნდა გაეკიდო ფლიგელიდან ფლიგელში, ეს ნებისმიერი ცივილური ქვეყნის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული".

შეკითხვაზე, თუ დეპუტატი კითხვებს არ უპასუხებს, მაშინ რა უნდა გააკეთონ ჟურნალისტებმა, კობახიძე ამბობს: "როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება, ასევე აქვს უფლება პარლამენტის წევრსაც, - აღნიშნავს იგი და განაგრძობს, - დამერწმუნეთ, ნამყოფი ვარ უამრავ პარლამენტში. მე არ ვიცი არც ერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში.

საუბარია ელემენტარულ ცივილიზებულ სტანდარტზე. ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ქართული დემოკრატია და ქართული კულტურა, მათ შორის პოლიტიკური და მედიაკულტურა. ყველაფერი განვითარდება თანდათანობით. ვიდრე მივაღწევთ ისეთ დონეს, რომ რეგულაციები აღარაა საჭირო, ელემენტარული მინიმალური რეგულაციებით შეიძლება უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები".

კითხვაზე, როდესაც ვიღაც კომენტარზე არ დგება, რა უნდა გააკეთო, კობახიძე უპასუხებს: "თქვენ გააშუქებთ, რომ ამაზე პასუხს არ გცემთ დეპუტატი. დეპუტატს თუ არ უნდა კომენტარის გაკეთება, ესაა უარის ცივილიზებული ფორმა, აუცილებელი არაა ფლიგელიდან ფლიგელში გაეკიდოთ...

მე, პირადად მქონდა 50 შემთხვევა, როდესაც ვიდექი აქ [ტრიბუნასთან], ყველა კითხვას გავეცი პასუხი რაც აქ დაისვა და კონკრეტული ჟურნალისტი გამომეკიდა, ფლიგელიდან ფლიგელში დამსდევდა, როცა შეეძლო აქ დაესვა კითხვა და გავცემდი პასუხს".

6 თებერვალს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს გააცნო შინაარსი თავისი ახალი ბრძანებისა, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მედიის საქმიანობას არეგულირებს.

"როგორც იცით, წლებია, გვქონდა გარკვეული ხარვეზი, არ გვქონდა აკრედიტაციები, ამიტომ ყოველ ჯერზე იყო საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის. ე.წ. საპარლამენტო ჟურნალისტიკა, ამ მხრივ, არ არსებობდა. ამიტომ პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა შეადგინა ანალიზი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების და ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა წესი აკრედიტაციის, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს: პირველი არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, გაშუქდეს და საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს; მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. შესაბამისად, არის წესები, რომლებიც ბრძანების მიღებისთანავე გამოქვეყნდება და დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ბრძანებით, იმ მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას, განისაზღვრება აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა. ამასთან, შემოიღებენ სპეციალურ, ერთდღიან საშვს არააკრედიტებული ჟურნალისტისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, წესების დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტებზე სანქციების გავრცელებას ითვალისწინებს.

ბრძანების თანახმად, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა აღნიშნული წესები დაარღვია, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.

ახალი წესები 1 მარტიდან ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG