Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი პოლიტიკოსები სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარის შუამდგომლობა სასჯელის აღსრულების გადავადებაზე ან მისგან გათავისუფლებაზე, უარყოფითად შეაფასა ევროპარლამენტის წევრმა „ევროპის სახალხო პარტიიდან" (EPP) მირიამ ლექსმანმა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკიდურესად იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ, რომ სრულად ისინი არიან პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე", - წერს ტვიტერის ანგარიშზე მირიამ ლექსმანი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელისუს ლანდსბერგისი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირებს.

„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნა გაბრიელისუს ლანდსბერგისმა.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG