Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვაია გაზეტასა" და "ნოვაია რასკაზ-გაზეტას" მედიასაშუალების ლიცენზიები ჩამოართვეს


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 7 თებერვალს მედიასაშუალების ლიცენზია შეუჩერა „ნოვაია გაზეტას“, რუსულ დამოუკიდებელ გამოცემას, რომელიც გამოდიოდა 1993 წლიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. გარდა ამისა, ლიცენზია შეუწყდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამოქმედებულ „ნოვაია რასკაზ-გაზეტას“.

სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცემებისთვის ლიცენზიის შეწყვეტის თაობაზე. საბაბი გახდა ფორმალური მიზეზი: გაზეთს ედავებიან, რომ მან „როსკომნადზორს“ არ წარუდგინა 2016 წელს განახლებული უწყების ვერსია, „რასკაზ-გაზეტა“ კი, უწყების თანახმად, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „ნოვაია გაზეტა. ევროპის“ რედაქცია.

სექტემბერში მოსკოვის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას „ნოვაია გაზეტის“ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ მკითხველებს წაართვა ინფორმაციის მიღების საშუალება.

„დღეს განმეორებით მოკლეს ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამ სახელმწიფოს მიერ უკვე მოკლული იყვნენ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - იგორ დომნიკოვი, იური შჩეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტანისლავ მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვი, ტანალია ესტემიროვა, ორხან ჯემალი“, - ნათქვამია მიმართვაში.

გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა სასამართლოს გადაწყვეტილებას მაშინ უწოდა „არასერიოზული“, „შეკვეთილი“ და „პოლიტიკური“.

შარშან მარტში „ნოვაია გაზეტამ“ შეაჩერა თავისი საიტისა და ბეჭდური გამოცემის მუშაობა მას შემდეგ, რაც ორჯერ მიიღო გაფრთხილება „როსკომნადზორისგან“. ამის შემდეგ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა რუსეთი და დააფუძნა „ნოვაია გაზეტა. ევროპა“, რომლის რედაქცია რიგაშია.

სექტემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ცალკე მედიასაშუალების ლიცენზია ჩამოართვა „ნოვაია გაზეტის“ საიტს. „როსკომნადზორმა“ დაბლოკა ამ ტექსტში ნახსენები ყველა საიტი.

XS
SM
MD
LG