თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგული 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
უწყების თანახმად, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა, მათგან 14-ის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დადგენილია, მათთან კომუნიკაცია შედგა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საელჩო აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება, იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.
ამ დრომდე, დასტურდება საქართველოს 2 მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო.
7 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 3549 ადამიანი. დაშავდა - 22 168.
პრეზიდენტ ერდოანის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონაში აუცილებელი სამუშაოებისთვის მობილიზებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პერსონალი და ტექნიკა და 25 000-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-ზე მეტი მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.
თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
დაწერეთ კომენტარი