Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მივესალმები ომბუდსმენის განცხადებას, რომელშიც დაგმობილია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა - პაპუაშვილი


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს დღევანდელი განცხადება მოუწონა. საქმე ეხება ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას, რომლის მიხედვით, "ბოლო პერიოდში ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების გავრცელება თუ ქმედებები".

"ჩვენ ორი დღის წინ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერები ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ. ფაქტობრივად შეეცადნენ დაეწიოკებინათ მისი შვილები, ოჯახის წევრები, სამეზობლო. დღეს ვნახე სახალხო დამცველის აპარატის განცხადება და ძალიან გამეხარდა, რომ განსხვავებით იმ სამწუხარო პრაქტიკისგან, რომელიც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა დამკვიდრებული, რომ ის დუმილს ინარჩუნებდა, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამბობდა, რომ თუკი თქვენ პოლიტიკაში ხართ, ახია თქვენზე, აი, ეს დამოკიდებულება საბედნიეროდ აღარ არის და მე მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელ განცხადებას, სადაც ფაქტის ღიად დაგმობაზეა საუბარი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

დღეს, 8 თებერვალს, გავრცელდა სახალხო დამცველის აპარატის განცხადება, რომელიც ეხმიანება პოლიტიკური ოპონირებისა თუ პროტესტის გამოხატვისას "ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის და მათი საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის ფაქტებს".

განცხადებაში წერია, რომ დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება, ბავშვებისთვის შეურაცხმყოფელი, მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენება და მატრავმირებელი ქმედებებისთვის მიმართვა.

"ეს არა მხოლოდ აზიანებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას, არამედ შეიცავს რეალურ საფრთხეს და შესაძლოა, ბავშვის მიმართ ჩაგვრაც წაახალისოს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, რადგან გაცილებით მაღალია მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოების მხრიდან გაზიარების ალბათობა. ამასთან, არასრულწლოვნების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.

სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა, მოერიდონ ამ პროცესში ბავშვებისადმი მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენებას, და პრაქტიკისთვის მიმართვას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

6 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან.

„ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი. მშვიდი ცხოვრება რომ ჰქონდათ და გადაადგილდებოდნენ, დასეირნობდნენ სხვადასხვა ადგილებზე, ასე ვერ ექნებათ", - თქვა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG