Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-მა ღარიბაშვილის სახლთან გააპროტესტა სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება


თბილისი. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აპროტესტებენ
თბილისი. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აპროტესტებენ

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გადაინაცვლეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

„ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი. მშვიდი ცხოვრება რომ ჰქონდათ და გადაადგილდებოდნენ, დასეირნობდნენ სხვადასხვა ადგილებზე, ასე ვერ ექნებათ", - თქვა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციის გამართვის მიზანშეწონილობაზე.

„მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების დამკვეთებიდან, ერთ-ერთი ცხოვრობს აქ. ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურად პასუხისმგებელმა პირმა, როდესაც სახელმწიფო ასე ძალადობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება. პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში", - თქვა მან.

აქციაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ის წევრებიც, რომლებმაც თავმჯდომარის არჩევნებში ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, დაუჭირეს მხარი.

„ე.წ. სასამართლომ, რომელიც სინამდვილეში ოლიგარქის რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა, პატიმრობაში დატოვა მიხეილ სააკაშვილი. ეს არის სასიკვდილო განაჩენი. ერთადერთი გამოსავალი არის აქტიურობა, საზოგადოების მობილიზება, პარტიის მიერ თავისი აქტივობების გამწვავება, - თქვა აკო მინაშვილმა და დაამატა, - ახლა რაიმე სახის უთანხმოებაზე საუბარი გამორიცხეთ".

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის, აზრით, საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა ტოვებდეს პარლამენტს.

„შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა, არსებობს ამის დამადასტურებელი ოქმი. დეპუტატებიდან მე და აკო მინაშვილი ვიყავით პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი. ახლაც იგივე აზრზე ვარ. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, რაც საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია. დღეს ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, ახლა ქუჩაში უნდა იყოს ფრონტი, მშვიდობიანი ფრონტი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG