Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუა უარყოფს, რომ სახლში ამოღებული მასრა მას ეკუთვნის - ადვოკატი


ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.
ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, #3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ესებუა მისთვის წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.

„ჩვენი შეხვედრის მიზეზი იყო ის, რომ მას დაკავების დროს აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან დაკავშირებით მას გამოძიებამ წარუდგინა ბრალი 236-ე მუხლით. რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ ბრალთან დაკავშირებით იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენებას კი ამაზე მისცემს სასამართლოში. ბანკის დაყაჩაღებაზე ის თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ მას აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია. ბანკის საქმეში სამხილებად ხმის იდენტურობა დევს, ანუ ბანკში მყოფი პირის ხმის იდენტურობაა დადგენილი ბადრი ესებუასთან. ბანკში გასროლილი მასრის იდენტურობაა საქმეში, თითქოს ის მასრა დაემთხვა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულ ერთ მასრას. დაკავებული კატეგორიულად უარყოფს მის სახლში ამოღებული მასრის კუთვნილებას და ამბობს, რომ ვერაფრით ვერ აღმოჩნდებოდა მასრა მის სახლში და აცხადებს, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია", - თქვა ადვოკატმა.

ბათუმში ბრალდებულის გადაყვანის მიზეზი ესებუას ადვოკატისთვის უცნობია. როგორც ის ამბობს, გუშინ, 8 თებერვალს ქუთაისის ციხიდან მისი დაცვის მყოფის თბილისში გადაყვანა იგეგმებოდა, თუმცა მოულოდნელად ბათუმში წაიყვანეს.

„ჩემი ვარაუდი ისაა, რომ მისი ძმა ქუთაისის ციხეშია და ამიტომ გადმოიყვანეს", - ადვოკატმა დაამატა, რომ ბადრი ესებუას თქმით, ბანკის ძარცვის შემთხვევის დროს, ზუგდიდში, სახლში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე ბადრი ესებუას სახელი გაისმა, ის იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG