Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა


თურქეთის ქალაქი ჰათაი. სამაშველო სამუშაოები მიწისძვრის შემდეგ. 9 თებერვალი. 2023 წელი
თურქეთის ქალაქი ჰათაი. სამაშველო სამუშაოები მიწისძვრის შემდეგ. 9 თებერვალი. 2023 წელი

თურქეთის სააგენტოების თანახმად, მიწისძვრის შეგდეგად 17134 დადასტურებული დაღუპულია აღნუსხული. დაშავებულთა რიცხვი 75 ათასს აღემატება.

ცნობით, მეზობელ სირიაში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა, გაეროს შეფასებით, ხუთ ათასს აჭარბებს. სირიაში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს.

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლა ქვეყნის 10 დაზარალებულ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ჯამური ზარალი ოთხ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს თანხა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გაავრცელა.

სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთის ქალაქ ადიამანში, შვიდსართულიანი სასტუმროს ნანგრევების ქვეშ, მაშველები ეძებენ ფრენბურთელ ბავშვთა ორი გუნდის მოთამაშეებს. ისინი იქ ჩაფრინდნენ ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული თურქული რესპუბლიკიდან. მასწავლებლების და ბავშვების რიცხვი მშობლებთან ერთად 39 იყო. ნაპოვნია ორი მასწავლებლისა და ბავშვის ცხედარი.

სირიაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით ცუდი გზებისა და ტრანსპორტის პრობლემების გამო. 9 თებერვალს, იდლიბში, ბაბ ელ-ჰავას საგუშაგოზე ექვსმა სატვირთო მანქანამ გაიარა. მაშველები ამბობენ, რომ აქ სულ მცირე 1900 ადამიანი დაიღუპა. ასობით ოჯახი ჩამონგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაზარალებულ პროვინცია ლატაკიაში ხმეიმის საჰაერო ბაზიდან სასწრაფოდ ჩაიტანეს სურსათის პარტია.

Reuters-ის თანახმად, სულ მცირე 2030 ადამიანია დაღუპული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გარემოცვა თვლის, რომ ვითარებას დასავლეთის სანქციები ამძიმებს, რის გამოც მაშველებს აღჭურვილობა არ გააჩნიათ. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული დახმარების კოლონები ნებართვის გარეშე ვერ აღწევს ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

თურქეთში 12 თებერვლამდე ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. დაზარალებული ქალაქების ათასობით მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა, ათასობით შენობა დაინგრა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და საცხოვრებელი კორპუსები. თურქეთსა და სირიაში 70 ქვეყნიდან ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები და ექიმები. გაერომ გამოყო 25 მილიონი დოლარი თურქეთსა და სირიაში დაზარალებულთათვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის ქაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 113 200 თურქი და უცხოელი მაშველი. მ

ათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG