Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი


ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.
ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

10 თებერვალს, საღამოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელა ცნობა, რომ ცხინვალის მცხოვრები, რუსეთის მხარეს მებრძოლი ალან ჯიოევი უკრაინაში დაიღუპა.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, პოლკოვნიკმა მარატ პავლოვმა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიუსამძიმრეს ალან ჯიოევის ოჯახს.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ: „ალან ჯიოევი დაიბადა 1996 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში. 2014 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 23 მაისამდე მსახურობდა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში. 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აპრილამდე მან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახური თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში გაიარა“.

დამატებითი ცნობები არ ვრცელდება, რა ვითარებაში, როგორ და როდის დაიღუპა ალან ჯიოევი. რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 20-ზე მეტი ჯარისკაცი და მოხალისე დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა. უკრაინაში ისინი, გასულ წელს ორ ეტაპად გაამგზავრეს.

2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინაში, რუსეთის არმიის რიგებში ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.

XS
SM
MD
LG