Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის გენშტაბი: რუსეთის არმიამ გასულ დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიას 106 რაკეტა ესროლა


კრამატორსკის საცხოვრებელი უბანი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2 თებერვალი. 2023 წელი
კრამატორსკის საცხოვრებელი უბანი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2 თებერვალი. 2023 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიას 106 რაკეტა დაუშინეს.

უწყების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა 32 საზენიტო რაკეტა С-300 და ასევე, 74 საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტა. ამას გარდა, 10 თებერვალს განხორციელდა 59 საავიაციო დარტყმა, მათგან 28 - უპილოტო საფრენი მოწყობილობის, "შაჰედ-136"-ის გამოყენებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, 22 უპილოტო საფრენი მოწყობილობა იქნა ჩამოგდებული. ამის გარდა, იტყობინებიან 90 საარტილერიო თავდასხმის შესახებ ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების გამოყენებით.

პარასკევს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. აფეთქებები დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონებში ქვეყნის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა.

11 თებერვლის ღამეს რუსეთმა "შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა შეტევა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ორ ობიექტზე დნეპროპეტროვსკის ოლქში, განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა. მან თავდასხმისგან მიყენებული ზარალი შეაფასა, როგორც "მნიშვნელოვანი". მსხვერპლი არ ყოფილა.

ამას გარდა, იტყობინებიან, რომ ოთხი უპილოტო საფრენი მოწყობილობა ჩამოაგდეს ოდესის ოლქში, ხუთი კი - ნიკოლაევსკის ოლქში.

XS
SM
MD
LG