მინერალური წყლის კომპანია "საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, მათ შორის ხელფასების გაზრდას. თანამშრომლები კომპანიის შესასვლელთან გურიაში, კურორტ "საირმეში" არიან შეკრებილი. გაფიცვა დღეს, 13 თებერვალს, დილის 09:00 საათზე დაიწყო.
თანამშრომლების მოთხოვნებია:
- ხელფასების 30 პროცენტით ზრდა;
- საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია;
- დამსაქმებელმა დაფაროს საპენსიო გადასახადი;
- უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა;
- ანტისანიტარიის მოწესრიგება;
- კოლექტიური შეთანხმება.
გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორ" ეხმარება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მონაცემებით ყველა დასაქმებული გაფიცულია.
"30 დასაქმებულიდან 30 ადამიანია გაფიცული. ქარხანა პარალიზებულია. დამსაქმებელმა გუშინ ღამით შეიყვანა ადამიანები ქარხნის ასამუშავებლად, თუმცა მათ არ იციან, რა ხდება. მაინც ვერ აამუშავებენ. გაფიცვა უვადოა და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები", - ამბობს გიორგი დიასამიძე.
მისი თქმით, გაფიცვამდე 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიაციო პროცესი, თუმცა ვერ მოხდა შეთანხმება.
"დამსაქმებელს ჰქონდა განცდა, რომ თანამშრომლები ვერ გაიფიცებოდნენ", - ამბობს ის.
კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე ამბობს, რომ საწარმოს მუშაობა არ შეუწყვეტია, რადგან თანამშრომლების ნაწილი არ გაფიცულა. მანვე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მედიაციის პროცესი 16 თებერვლის ჩათვლით გრძელდება.
"მათგან მოთხოვნები რამდენჯერმე შეიცვალა. ჩვენ დაგვჭირდა გონივრული ვადა, რომ ჩვენი შეთავაზებები მიგვეწოდებინა. კონკრეტული პასუხი ჩვენს შეთავაზებებზე არ ყოფილა... ამ წუთას დეტალებს არ ვუღრმავდები, მაგრამ ის შემოსავალი, რაც აქვთ წარმოებაში დასაქმებულ ადამიანებს, რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალია... შარშან ხელფასი რამდენჯერმე მეტად გაეზარდათ, ვიდრე ინფლაცია იყო..." - ამბობს კომპანია "საირმის" დირექტორის მოადგილე.
2022 წლის მაისში უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ მინერალური წყლების კომპანია "ბორჯომის" ("IDS ბორჯომი საქართველოს") თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები იყო:
- "გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა";
- "ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება";
- "ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა";
- "კოლექტიური შეთანხმების გაფორმება".
ორგანიზაცია "ლაბორის" ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ბორჯომის" თანამშრომლების გაფიცვამ შედეგი გამოიღო და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
"გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს, დაურიცხავი ხელფასები დაერიცხათ, გაფიცვის დღეები ანაზღაურდა, ხელშეკრულების პირობები მათ მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა", - დასძენს გიორგი დიასამიძე.
მასალა განახლდა "საირმის" დირექტორის მოადგილის კომენტარის მოპოვების შემდეგ.