Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: სამხედრო ძალების ზრდა აჩვენებს, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო განახლებული შეტევა


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ახალი, მასშტაბური შეტევა უკვე დაწყებულია.

როგორც სტოლტენბერგმა 13 თებერვალს, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ალიანსი "ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს", რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.

"ვხედავთ, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს კვლავ სურთ უკრაინის კონტროლი" - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა: "ვხედავთ, რომ ისინი იქ დამატებით ძალებს, იარაღს, შესაძლებლობებს გზავნიან".

კიევი გარკვეული პერიოდია აცხადებს რუსეთის მხრიდან გაფართოებული შეტევის მოლოდინზე - რომლის სამიზნეც იქნება არა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღმოსავლეთში, არამედ ხარკოვის რეგიონიც უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთში, და ზაპოროჟიე სამხრეთაღმოსავლეთში.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა იყენებს მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე მას ნატოს წევრი ქვეყნები აწვდიან - მან ამ ქვეყნებს "წარმოების გაზრდისკენ" მოუწოდა.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ 14 თებერვალს, ალიანსის სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება უკრაინისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაც.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნატოს არ გადააქცევენ ამ კონფლიქტის მხარედ.

რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება ნატოს ქვეყნებს კონფლიქტის "პირდაპირ" მხარედ გადააქცევს.

XS
SM
MD
LG