Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საქართველოს მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელებენ


ნატოს და მისი წევრი სახელმწიფოების დროშები ბრიუსელის შტაბ-ბინაში
ნატოს და მისი წევრი სახელმწიფოების დროშები ბრიუსელის შტაბ-ბინაში

დღეს, 14 თებერვალს ბრიუსელში იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია ალიანსის შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, უკრაინის შემდგომი დახმარება და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.

2-დღიანი შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც, პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება და ახალ შეტევებს იწყებს, ამიტომ, უნდა გაგრძელდეს უკრაინის გამარჯვებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭირო დახმარება.

სტოლტენბერგის თქმით, მინისტრები განიხილავენ ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებასაც საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის - ნატოს სამი ღირებული პარტნიორისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე არიან.

დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით, ბრიუსელში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან. მანამდე, ბრიუსელში შედგება უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG