Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი


"ხალხის ძალა"
"ხალხის ძალა"

საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ", საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა შეიმუშავა.

კანონპროექტი, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ჰქვია, საჯარო გამოქვეყნებამდე, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა).

ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":

  • სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
  • ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია შეავსონ ყოველწლიურად.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ჯარიმები ასევე გათვალისწინებულია:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;
  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი;
  • ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება სავალდებულო იქნება კანონის მიღებისთანავე - ჯარიმების დაკისრება კი, ორ თვეში, 60 დღეში დაიწყება.

კანონის მისაღებად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG