Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან 85 მეხანძრე-მაშველი თურქეთში როტაციის მიზნით გაემგზავრა


ბათუმი. მეხანძრე-მაშველები თურქეთში გამგზავრებამდე.
ბათუმი. მეხანძრე-მაშველები თურქეთში გამგზავრებამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა. ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ. შსს-ს ცნობით, ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

როგორც შსს იუწყება, ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ატარებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.

„ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოდან თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში 60 მაშველი 6 თებერვალს გაემგზავრა. ისინი დაზიანებულ ქალაქ ადიამანში მუშაობენ. მოგვიანებით მათ კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი შეუერთდა.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი კვირის თავზე ნანგრევებიდან ამოტანილია 36 ათასზე მეტი ადამიანის გვამები. მაშველები კვლავ პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს, თუმცა ამგვარი ცნობები სულ უფრო იკლებს.

თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.

XS
SM
MD
LG