Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა და თმის დონაციის კამპანია ონკოპაციენტი ბავშვებისთვის


15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა - ანა სააკაძემ, რომელიც თავადაც იყო ონკოლოგიური პაციენტი, იცის, როგორია კიბოს მქონე ბავშვების ცხოვრება, თარიღების და საგანგებო დღეების მიღმა.

სხვა უამრავ პრობლემასა და საჭიროებასთან ერთად, ბავშვებს უნდათ, რომ ისევ ისეთი თმები ჰქონდეთ, როგორც ქიომიოთერაპიის დაწყებამდე. ამიტომ ანამ წამოიწყო კამპანია “HAIR4All” [თმა ყველასთვის]. ამ კამპანიაში მონაწილეობით მსურველს შეუძლია თავისი თმა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების პარიკებისთვის გაიღოს.

ბავშვებისთვის, რომლებიც კიბოს ებრძვიან და ჩვენთვის, ვინც მათთვის ვიბრძვით, ყოველი დღე 15 თებერვალია. მირჩევნია, რომ არ არსებობდეს ასეთი თარიღები და დაავადებები. ჩემთვის უბრალოდ თარიღია, მაგრამ მისი დანიშნულებიდან გამომდინარე არის შანსი იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება მეტად მივიქციოთ და გამოჩნდეს პრობლემები, რომლებიც ამ ბავშვებს ეხებათ“.

ანა წლებია ფეისბუკჯგუფში ANNa4You სწორედ იმ ბავშვებზე წერს, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ონკოპაციენტი ბავშვების და მათი საჭიროების შესახებ, 2023 წლის 15 თებერვალს შექმნა ფეისბუკგვერდი „ონკოპაციენტი ბავშვებისთვის“.

ანა 10 წლის წინ საქველმოქმედო კონცერტებს მართავდა, 5 წლის წინ კი, როდესაც თავადაც დაუსვეს კიბოს დიაგნოზი და ერთწლიანი მკურნალობის კურსი გაიარა, კიდევ უფრო ზუსტად მიხვდა, რა სჭირდებათ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს. ანა გახდა ონკოპაციენტი ბავშვების და მშობლების მხარდამჭერი, ფინანსების თუ სხვადასხვა რესურსის მოძიებაში.

არასასურველი ეპითეტები ონკოპაციენტებზე საუბრისას
please wait

No media source currently available

0:00 0:02:14 0:00

საქართველოში ყოველ წელს 100-ზე მეტ ბავშვს უდასტურდება კიბოს დიაგნოზი. სოციალურ ქსელში ხშირად ხვდება ბავშვების ფოტოები, რომლებიც მკურნალობის პროცესში არიან. მიუხედავად „პოსტების“ ავტორების კეთილი განზრახვისა, ანა თვლის, რომ ამ ფორმით არ უნდა ირღვეოდეს ბავშვის პირადი სივრცე და თავის მაგალითს იხსენებს. ქიმიოთერაპიის კურსის დროს მან უარი თქვა ფოტოს გადაღებაზე და ვერც მიიღო კოსმეტიკის ნაკრები, რომელსაც ერთ-ერთი ორგანიზაცია კიბოიან პაციენტებს საჩუქრად აძლევდა.

პარიკი, რომელიც დონორების თმისგან დამზადდა
პარიკი, რომელიც დონორების თმისგან დამზადდა

ეს პარიკი 12 წლის გოგოსთვის გაკეთდა, რომელიც

მკურნალობის პირველ ეტაპს გადის. როდესაც ჰკითხეს,

უნდოდა თუ არა პარიკი, თქვა, რომ ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბარი ან გამოჩენა არ სურდა. ამიტომ, „ისე იქნება და ისე უნდა იყოს, როგორც მისთვისაა უკეთესი“, - ამბობს ანა. დონორებს ყოველთვის

ეცოდინებათ, სად მიდის მათი თმა, თუმცა იქნება თუ არა ბავშვების ამბავი საჯარო, ეს მხოლოდ ბავშვების გადასაწყვეტია.

ერთი პარიკის დამზადებას 5-10 დღე და რამდენიმე ადამიანის თმა სჭირდება. დონაციისთვის ხანდახან 10 სანტიმეტრიც საკმარისია, როდესაც პატარა ზომის პარიკი მზადდება. როგორც „თმის სახლში“ აგვიხსნეს, როდესაც პარიკი ბავშვისთვის მზადდება, სასურველია, რომ თმა იყოს განსაკუთრებულად რბილი და ჯანსაღი. Ასევე მნიშვნელოვანია, მოჭრილი თმა სამაგრით მყარად შეიკრას. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ პარკში ჩაყრილი თმა პარიკის შესაკერად არ გამოდგება.

კამპანიის ავტორის სურვილია, რომ თვეში ერთი პარიკი მაინც შეიკეროს კონკრეტული ადრესატისთვის, თუმცა ანა ამბობს, რომ ახლა ელოდება იმას, თუ როგორ მიიღებენ ბავშვები ამ ინიციატივას. როგორ წავა საქმე, იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი დონორი გამოჩნდება. კამპანიის ავტორები კი მსურველებს HAIR4ALL-ის ფეისბუკგვერდზე უპასუხებენ.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG