Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუძნდება ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მოქალაქეები და "მთავარი არხის" დირექტორის მეგობრები აფუძნებენ მოძრაობას ამავე არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. მოძრაობის დაფუძნების შესახებ რუსთავის ციხესთან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ისაუბრა.

"დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დევს. ის მომავალი, რომელზედაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც ოცნებობდა უამრავი ადამიანი და რისთვისაც დღეს, ჩვენი გმირები უკრაინაში იბრძვიან, საფრთხეშია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, სრულიად ნათელია, რომ თავისუფალი, კრიტიკულ მედია უაღრესად დიდ როლს თამაშობს. ევროკავშირის 12 პირობიდან, ერთ-ერთი ზუსტად თავისუფალ მედიას ეხება...

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში და ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მაღალი ტრიბუნებიდან, რომ თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის დამფუძნებლების, მედიამენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

მან ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს ამ მოძრაობის იდეას, მოუწოდა შეუერთდეს მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG