Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მედია ადასტურებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს პატიმრების გაცვლაზე


სიამაქ ნამაზი - აშშ-ის მოქალაქე, რომელსაც ირანში ჯაშუშობის მუხლით ათი წელი აქვს მისჯილი. 2016 წელი.
სიამაქ ნამაზი - აშშ-ის მოქალაქე, რომელსაც ირანში ჯაშუშობის მუხლით ათი წელი აქვს მისჯილი. 2016 წელი.

ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიამ დაადასტურა ამერიკული ტელეარხის, NBC-ს რეპორტაჟში ნათქვამი, რომ პატიმრების გაცვლის გარშემო ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკება მიმდინარეობს. NBC-ს რეპორტაჟში, რომლის 15 თებერვალს გავრცელდა, მოყვანილია ოთხი, ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა, წყაროს ინფორმაცია, რომ კატარი და ბრიტანეთი შუამავლობენ ამ მოლაპარაკებაში.

Nournews-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უშიშროების უზენაეს საბჭოსთან, ტვიტერით იტყობინებოდა 16 თებერვალს, რომ მოლაპარაკება „ჩატარდა ირიბად და ნაყოფიერად“. ირანის სააგენტო თვლის, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს „ვაშინგტონის თხოვნით და თეირანის თანხმობით“.

„ორი მხარე შეისწავლის ფორმულას, რომელმაც შეიძლება მოიცვას პატიმრების გაცვლა და მილიარდობით დოლარის გათავისუფლება, რომლებიც სამხრეთ კორეის ბანკებშია გაყინული აშშ-ის სანქციების გამო,“ იტყობინება NBC-ი სამ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც მოლაპარაკების მსვლელობას იცნობენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ირანთან ურთიერთობის „არხები“ აქვს, მაგრამ არ აზუსტებს, მოლაპარაკებების დეტალებს.

ირანული წარმოშობის რამდენიმე ამერიკელი მოქალაქე, სიამაქ ნამაზის, ემად შარღის და მორად თაჰბაზის ჩათვლით, ჯერ კიდევ ირანის საპატიმროებში არიან. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა აქვთ მისჯილი. დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ ირანი უცხო სახელმწიფოებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, როცა მათ მოქალაქეებს აპატიმრებს და მძევლებად იტოვებს შემდეგ აშშ-ში დაპატიმრებული ირანელების გამოსახსნელად და გასაცვლელად.

ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლების დროს ირანში 40-მდე უცხოელი მოქალაქე დააკავეს და მათთვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG