Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი კიევშია


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 20 თებერვალი, 2023 წელი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 20 თებერვალი, 2023 წელი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში მისი ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოახლოებული წლისთავის გამო კიევში ჩავიდა პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად და უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ბაიდენი ტვიტერზე წერს, რომ როცა თითქმის ერთი წლის წინ, პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ფიქრობდა, რომ "უკრაინა სუსტია, დასავლეთი კი - დაყოფილი, მაგრამ ღრმად შეცდა".

ჯო ბაიდენის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინა დაიცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

ვიზიტის ოფიციალურად დადასტურებამდე ტელეგრამის არხმა „უკრაინა ახლა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბაიდენი ზელენსკის თანხლებით, საჰაერო განგაშის სიგნალის ფონზე უკრაინის დამცველების მემორიალს სტუმრობს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი. „ჯო ბაიდენ, მოგესალმებით კიევში! თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლენაა ყველა უკრაინელისთვის“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში დღეს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი დასავლელი პარტნიორის სტუმრობა იგეგმებოდა.

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტები და პოლიტოლოგები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ კიევში დაუანონსებელი ვიზიტით შესაძლოა, ჩასულიყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 21 თებერვალს იწყება ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში. თეთრ სახლს წინასწარ არაფერი უთქვამს კიევში ჯო ბაიდენის შესაძლო ვიზიტის თაობაზე, თუმცა ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში განიხილავდნენ კიევში სავარაუდო ვიზიტის ლოგისტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG